"ეს პროცესი გამოყენებული იქნება, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში პენიტენციურმა სამსახურმა სპეცრაზმის თანხლებით ცოტა ხნის წინ მიიყვანა. ის ახლა ბადრაგებთან ერთად იმყოფება და სხდომის დაწყებას ელოდება. 

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიკურია და სხდომას პრეზიდენტი იმისთვის ესწრება, რომ საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაცია შეძლოს.

"კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი, მართლმსაჯულება არის მითვისებული საქართველოში ხელისუფლების მიერ. ჩვენ ამას ვხედავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე,მაგრამ განსაკუთრებით მის პროცესებზე. ეს პროცესი იქნება გამოყენებული, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან და სარკე, რომელშიც ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები დაინახავენ, თუ როგორი პოლიტიკური რეჟიმი გვაქვს საქართველოში", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებასა და შენობაში სპეციალური ზომების მიღებაზე ისაუბრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მან თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ეშინია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლების.

"იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება არის პანიკურ შიშში, არის ასეულობით მობილიზებული სპეცრაზმელი სასამართლოს მიმდებარედ და სასამართლოს შიგნით. ყველა სხვა სხდომა გადადებულია, სასამართლო პრაქტიკულად დაცარიელებულია და ეს ნიშნავს ერთადერთს, ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლების მიმართ", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და პროცესის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან. ამასთან, ენმ სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლითაც აქციის მონაწილეები პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმის ფარგლებში, სახელმწიფო ბრალდება მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას, სხვადასხვა პრეზიდენტების გამასპინძლებას და ყოველდღიურ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი