
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "ლელოს" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ენმ-ის წევრმა, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ბათუმში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო. მისივე თქმით, ელჩებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე.
"ჩვენ დეტალურად მოვუყევით ელჩებს ბათუმში მიმდინარე საკითხები. მათაც ჰქონდათ კითხვები. ელჩები და ელჩის მოადგილეები ძირითად ნაწილში კარგად იყვნენ ინფორმირებულები. დეტალები, რაც აინტერესებდათ გავიარეთ. საკმაოდ მაღალი ინტერესია, რაც ჩვენ გვახარებს. განსაკუთრებით აინტერესებდათ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენგან მოისმინეს, რომ ამ საქმის ობიექტურად გამოძიების მოლოდინი არ გვაქვს. ამ საქმის გამოძიების პარალელურად, პოლიციის მაღალჩინოსანი ბათუმში ისევ დავით რიჟვაძეა. კითხვები იყო ბიუჯეტის მიღებასა და ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე. მეგობარი ქვეყნების ელჩებს ვთხოვეთ, რომ მეტი ყურადღება და დაკვირვება სჭირდება რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. იმედია ასეც მოხდება", - თქვა გიორგი კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემებერს კი ენმ- მ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახორციელებდნენ, მათ შორის, ენმ-დან წასვლის და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.
ასევე იხილეთ: