პოლიციამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი - 16 და 17 წლის მოზარდები.
შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.
მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
სანზონაში მოკლულ 17 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული