
ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარება 3 დეკემბერს ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან დამატებით 1000 ლარი დაუჯდა, ეს თანხა დაცვის პოლიციას გადაუხადეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
„არსებობდა სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ - წერია ბათუმის მერიის განაცხადში, რომლის მიხედვითაც, მერია შესყიდვების სააგენტოს სთხოვს თანხმობას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას 1 000 ლარი გადაუხადოს - „გადაუდებელი აუცილებლობით“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის თხოვნით, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძემ წერილით 2 დეკემბერს მიმართა.
„გთხოვთ, გააფორმოთ ხელშეკრულება საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსთან 1 000 ლარის ღირებულებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვა“ - აღნიშნულია სულიკო თებიძის წერილში.
გამოცემის ცნობით, სულიკო თებიძე არჩილ ჩიქოვანს წერს, რომ შესაბამისი ცვლილება „მერის ბრძანებით დამტკიცებულ 2021 წლის შესყიდვების გეგმაში“ შეიტანოს.
„დაცვის მომსახურების გარეშე ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა მუნიციპალიტეტის ეფექტურ ფუნქციონირებას“ - აღნიშნულია მერიის განაცხადში.
"ბათუმელები" წერს, რომ კითხვაზე - „რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?“, მერიის პასუხია - „არსებობდა სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“.
იხილეთ ასევე: