ლიახვის ქუჩაზე, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან გარდაცვლილი არასრულწლოვნის, 17 წლის დავით კრავეიშვილის მეგობრები.
"როგორც ადამიანი ძალიან პოზიტიური იყო, მაგასთან ცუდ ხასიათზე ვერ იქნებოდი, ძალიან თბილი და მეგობრული ბავშვი იყო, მართლა გულიდან ამოსდიოდა ყველაფერი რასაც ამბობდა. კონფლიქტური საერთოდ არ ყოფილა, პირიქით.
ბიჭებთან მოუვიდათ უთანხმოებაო თავისი მიზეზის გამო, ზუსტად არავინ ვიცით ვინ ბიჭები იყვნენ",- ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
მეზობლები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ტელევიზიით გაიგეს და მათ ყვირილის ან ხმაურის ხმა არ გაუგიათ. "აქ დადიოდა, აქ ცხოვრობდა და არაფერი ზედმეტი, გაოგნებული ვარ მეც, როგორც ყველა ისე",- ამბობს მეზობელი.
დათო კავეიშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაასრულდა. ის ცოტა ხნის წინ სახლში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, 17 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში გუშინ მიაყენეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც ასევე არასრულწლოვნები არიან, შსს-მ დააკავა. 16 და 17 წლის მოზარდებიდან გამოძიება ერთს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის დაფარვას ედავება.
იხილეთ ასევე: