შეიმჩნევს ამას საქართველოს ხელისუფლება თუ არა, მას არავინ ეკითხება - სამწუხაროდ, არ ეკითხება - კარგი იქნებოდა, ჩვენც რომ რამეს ვნიშნავდეთ მსოფლიო მასშტაბით... შეიმჩნევს ამას საქართველოს ხელისუფლება თუ არა, რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.
ფრონტის ხაზი ამჯერად კიევზე გადის - კრემლი, ფაქტობრივად, შეიძლება პიდაპირ ითქვას, რომ ღიად ემზადება უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის - ომისთვის, რომელიც თავისუფლად გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში.
პუტინი და მისი უსიტყვოდ მორჩილი ლუკაშენკო ისევ ღიად იმუქრებიან ატომური ბომბებითაც, მათი შიშისა და აგრესიის მთავარი სამიზნე დასავლეთში ნატოა - რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ რუკაზე წითელ ხაზებს ავლებს და ამბობს: "გადმოკვეთავთ ამ ხაზებს, მიიღებთ ჩემგან სათანადო პასუხს".
ნატო კი კრემლისგან გავლებულ წითელ ხაზებს არ აღიარებს; თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აქამდე დასავლეთმა პუტინის მოთოკვა დიდად ვერც გაბედა და ვერც მოახერხა.
ვნახოთ, რამდენად პრინციპული იქნებიან ევროპა და ამერიკა ამჯერად...