
პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა გრძელდება - დღეს ე.წ. თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხება. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს ხაზარაძე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
"ეს არის ბრალდებულების პირველი დაკითხვა ზოგადად ამ სასამართლო სხომაზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძე მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. დეტალურად იქნება განხილული მამუკას მიერ თავის ჩვენებაში ის ოპერაციები, გარიგებები, ის ფაქტორები, რომელიც განვითარდა 2008 წელს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება და დადასტურდება ის, რომ არავითარი საფუძველი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე წლების წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.