
დღეს, მე პირველად მომეცემა საშუალება, სამი წლის განმავლობაში ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, მოვუყვე სასამართლოს რა მოხდა კონკრეტულად - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დღეს სწორედ ხაზარაძე იკითხება.
ამასთან, პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
ხაზარაძის თქმით, ამ "აბსურდისა" და "სპექტაკლის" მიზანი, საერთაშორისო დონეზე მათი რეპუტაციის შელახვა და ანაკლიის პორტის გაფუჭება იყო.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე წლების წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.