
პარტია "ლელო საქართველოს" წევრი, ლევან სამუშია გადაცემა "დღის სტუმარში" ამბობს, რომ ნიკა მელიას სუს-ში დაბარებით ვერ დააშინებენ და ეს "ოცნებამ" კარგად იცის.
მისი თქმით, რეჟიმი ოპოზიციონერ ლიდერებზე ზეწოლით, საქართველოს მოქალაქეებს უგზავნის შეტყობინებას, რომ პროტესტი არ გაბედონ.
ლევან სამუშია არ გამორიცხავს, რომ შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას იძულებით წარდგენა მოითხოვოს.
"რეჟიმის შიში, შიშიდან გამომდინარე, არ ერიდებიან ღია პოლიტიკურ დევნას. ყოველ წელს და ყოველი არჩევნების წინ დაანონსებული სახელმწიფოს გადატრიალების საქმეები, შემდეგ ამ საქმეებზე მოწმეების დაკითხვა. ნიკას და მამუკა ხაზარაძეს რომ ვერ დააშინებენ და ვერცერთ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ვინც ამ უთანასწორო ბრძოლაში არის რეჟიმთან შესული, ყველამ კარგად ვიცით. აქ მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს აყურებინებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროტესტი აქვთ შიმშილის გამო, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, იმის გამო, რომ კოვიდით ათობით ადამიანი კვდება ყოველდღე და უნდათ, რომ ტერორში ამყოფონ. ამით უგზავნიან ღია მესიჯს მოქალაქეებს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი.
არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ სასამართლოს მიმართოს საგამოძიებო ორგანომ და ნიკა მელიას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენა მოითხოვონ და სპეცოპერაციისმაგვარი დადგან",- ამბობს ლევან სამუშია.
ცნობისთვის, ლილუაშვილის უწყებიდან შეტყობინება ენმ-ს თავმჯდომარემ 4 დეკემბერს მიიღო. მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ ე.წ. სახელმწიფოს გადატრიალების მორიგი საქმის გამოძიების ფარგლებში სურთ.
ამავე თემაზე:
"ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში" - ნიკა მელიას პასუხი სუს-ს