საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.
ამავე თემაზე: