
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, ღამის კლუბები მუშაობას, სავარაუდოდ, 16-17 დეკემბერს განაახლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
მისი თქმით, უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და ის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას კლუბების გახსნაზე საბჭო მიიღებს.
ცოტა ხნის წინ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა დაწერა, რომ თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ 17 დეკემბერს კლუბი გაიხსნება.
"საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.
მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", - წერს ნაჯა ორაშვილი.
ღამის კლუბებმა ჯანდაცვის სამინისტროს სპეცილური პროტოკოლი წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. საკლუბო ბიზნესმა სპეციალური გეგმა მას შემდეგ დასახა, რაც კლუბ "ხიდზე" შრომის ინსპეცია შევიდა და მისი დალუქვისა და 10 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.