
ვგეგმავთ, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან დედაქალაქის მთავრობა უნდა წარადგინოს.
კალაძის თქმით, 4 წელიწადში თბილისში უსახლკარო ოჯახები აღარ იქნება.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ. ეს არის ჩემი დაპირება, ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ, ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი, დღეს დაახლოებით 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან უზრუნველყოფილი მუნიციპალური საცხოვრისით",- ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია და ოჯახები თავშესაფრის გარეშე დატოვა. კალაძის ბრძანებით, სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრიეს.
პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
კალაძემ 23 დეკემბერს თქვა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.