დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რამაზ რამაზანოვი კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოდის. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერს გადაბირების მიზნით ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი გაიტაცეს. "ქართულ ოცნებას" ამჯერადაც საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება სურს.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს 15-15 წევრი ჰყავთ.
"რამაზ რამაზანოვი უკვე რამდენიმე დღეა არ გამოდის კონტაქტზე. გუშინ გადავწყვიტე პირადად მივსულიყავი და მენახა, სამსახურში მივაკითხე, ვესაუბრებოდი. რამდენიმე წუთში ჩემთვის უცნობი პირები მოვიდნენ, მოკიდეს ხელი და ტერიტორიიდან გაიყვანეს, სად წაიყვანეს არ ვიცი. კიდევ არ გამოსულა კონტაქტზე, მე რომ სამსახურში მივაკითხე გარეთ სუს-ის მანქანა იდგა, ელოდებოდა.
რამაზანოვმა მითხრა, რომ წინა დღეს წაყვანილი ჰყავდათ გუბერნიაში, თავის ნების საწინააღმდეგოდ, ესაუბრებოდა ახლად დანიშნული გუბერნატორი, რომლის სახელი და გვარი არ იცის და მისი მოადგილე, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და არ მივიდოდა საკრებულოს სხდომაზე, იგი იქნებოდა დაპატიმრებული", - ყვება საკრებულოს წევრი ლევან მოსაშვილი.
დმანისის საკრებულოს წინა სხდომა ჩაიშალა, თუ მომდევნო სხდომაზეც იგივე მოხდა, ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნება" სწორედ ამ მოტივით ცდილობს რამაზანოვი მათ ჩამოაშოროს.