
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის პროცესი იწყება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.
უფლებადამცველები პროკურატურის მიერ მესამე პრეზიდენტისთვის წარდგენილ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.
ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მშვიდობიანი დაბრუნებით მმართველ გუნდს პროვოკაციების განხორციელებაში შეუშალა ხელი.
"აქ საუბარი იურიდიულ კაზუისტიკაზე, იმაზე, რომ რაღაც დოკუმენტი უნდა ყოფილიყო წარდგენილი, მესაზღვრეს რაღაც უნდა გაეფორმებინა, ეს არის სრულიად უადგილო. ეს არის პოლიტიკური აქტი, გმირული აქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრიდან და მსგავსი საკითხები იურიდიული გარჩევის კატეგორიას არ ექვემდებარება. როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბრუნდება სამშობლოში, მას აქვს ნებისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, რაც მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა. მან თავისი მშვიდობიანი დაბრუნებით, ხელი შეუშალა "ქართულ ოცნებას" პროვოკაციების განხორციელებაში, რასაც რეალურად გეგმავდნენ.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაასაჯაროვა ბილეთი, არსებობდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში სხვადასხვა თანამდებობის პირებს და საუბარი იყო, რომ შესაძლებლობა არ მისცემოდა იმ რეისს საქართველოში დაშვების. დაშვების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი გმირული ქცევით, ეს პროვოკაციები თავიდან ააცილა ქვეყანას და დაბრუნდა საქართველოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს ოლიგარქიული მარწუხებისგან გათავისუფლებაში", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატმა დანარჩენი ბრალდებულის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზეც ისაუბრა:
"იურიდიული საფუძველი, რაც მიუთითეს არის აბსურდული - საქმის მოცულობიდან გამომდინარე უნდა გამოვყოთ ცალკეო. სინამდვილეში, მოტივაცია არის შემდეგი- საზოგადოების წინაშე არ უნდოდათ იმის წარმოჩენა, თუ როგორი დიდი მხარდაჭერა აქვს მიხეილ სააკაშვილს უბრალო ხალხში, ვინც სრულიად უანგაროდ შეუწყო ხელი პრეზიდენტს თავისი გმირული საქციელის განხორციელებაში", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ჯამში 5 ბრალდებული ჰყავს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად განსასჯელის სკამზე იმავე ბრალდებით ელგუჯა ცომაიაც აღმოჩნდა. მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის კი გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები დააკავეს.