პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, შერჩევითი სამართალი, კრიტიკული აზრის წინააღმდეგ ბრძოლა - GDI-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) საქართველოში 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

"კერძოდ, მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები - როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაურესებას საერთაშორისო პატნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება", - წერს GDI. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება:

"კერძოდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“. შესაბამისად, სახელმწიფო აგრძელებს თავისი ვალდებულების უგულებელყოფას და არ უზრუნველყობს ლგბტ+ თემის მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას მშვიდობიან გარემოში".

გარდა ამისა, GDI წერს, რომ 2021 წელს გაძლიერდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესია, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებითა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით.

დოკუმენტში მოხდვა ხელისუფლების ბრძოლა კრიტიკული აზრის წინააღმდეგაც - GDI აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების კუთხით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია არაერთხელ ჩაერია 3 კრიტიკული მედიის, მათ შორის "მთავარი არხის" თავისუფლებაში.

"გარდა ამისა, საგანგაშოა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, მათ შორის კი ყველაზე მასშტაბური იყო 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა, როდესაც სიძულვილის ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათეულობით წარმომადგენელს და დააზიანეს მათი აღჭურვილობა. ხელისუფლება არათუ არ ახდენს ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციას, აღკვეთასა და სათანადოდ დასჯას, არამედ თავად ახალისებს აგრესიას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით", - წერს GDI.

ანგარიშში მოხვდა სუს-დან გაჟონილი ფარული მიყურადრების ფაქტებიც - " პროკურატურამ და სასამართლომ მიყურადების მსხვერპლებს არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლებას არ ჰქონია სათანადო რეაქცია პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შელახვის შემთხვევებზე".

რაც შეეხება არჩევნებს - GDI წერს, რომ როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი სერიოზული დარღვევა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნებისათვის სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოს არსებობა და შეასუსტეს საბოლოო შედეგის მიმართ ნდობა. 

ორგანიზაცია გამოყოფს შერჩევითი სამართლის მაგალითებს ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვის პერიოდშიც - დისკრიმინაციული კომენდატის საათი, ღარიაბშვილის "ქეიფი", დაჯარიმებულთა ნაწილისთვის ჯარიმების ჩამოწერა...

GDI-ის შეფასებით, 2021 წელს არ გამოსწორებულა ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში - სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების გატარების გარეშე გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ასევე არ შეჩერებულა თავად საბჭოს 5 წევრების არჩევა. 

ასევე, 2021 წელსაც გაგრძელდა პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება - ნიკა მელიას ძალის გამოყენებით დაკავება, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე.

"პოლიტიკურად მოტივირებულია ქვეყნის მესამე პრედიზენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები და პატიმრობა. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ექსპერტების რეკომენდაციების მიუხედავად, იგი გადაიყვანეს არა მულტიპროფილურ ჰოსპიტალში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სადაც არ იყო მოშიმშილე სააკაშვილის მკურნალობისათვის სათანადო პირობები. შესაბამისად, იგი დაექვემდებარა დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას. გარდა ამისა, მას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, რამდენჯერმე არ მისცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა", - წერია ანგარიშში. 

დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი