პრეზიდენტი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, ჩემი აზრით, არის უკეთესად - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპტალიდან გამოსვლის შემდეგ.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის სახალხო დამცველს მის საქმეში, აქტიურად მონაწილეობისთვის.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ახალ ბრალდებულს - გია ლორთქიფანიძეს, ადვოკატის თქმით, ეს მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური დაკვეთაა. თუთბერიძის თქმითვე, მისი ინფორმაციით, საზღვრის კვეთაზე ლორთქიფანიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის რაიმე ტიპის კუმუნიკაცია არ ყოფილა.
"მადლობას უხდის სახალო დამცველს მისი წინადადებისთვის და მოხარულია, რომ სახალხო დამცველი ასე აქტიურად მონაწილეობს ამ საქმეში.
რაც შეეხება დღევანდელი დღის ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს - გია ლორთქიფანიძის ბრალდებას, ამგვარი ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მის მშობლიურ ქვეყანაში არის ერთადერთი, რუსეთის პოლიტიკური დაკვეთა და ამ დაკვეთის შესრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყოფნისას არ იცნობდა გია ლორთქიფანიძეს და სამწუხაროდ არ იცნობდა, იმიტომ, რომ მათ ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდათ უკრაინაში, უკრაინისა და საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ.
რაც შეეხება გია ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის რაიმე ტიპის მოლაპარაკებას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ამგვარი მოლაპარაკება მათ შორის, ჩემი ინფორმაციით, არ შემდგარა. მე მასალებს ჯერჯერობით არ ვიცნობ. ამასთან აღსანიშნავია, რომ რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის კომუნიკაცია, მიხეილ სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია სამშობლოში დაბრუნებისას, ის ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა სამართალდარღვევას", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, გია ლორთქიფანიძე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ რუსული პოლიტიკური დაკვეთაა.
მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხანში ენმ-ს დეპუტატი თინა ბოკუჩავა შეხვდება, რომელიც უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ბოკუჩავა დღეს დაბრუნდა ბრიუსელიდან. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და იქ გამართული შეხვედრები იქნება საუბრის მთავარი თემა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
ამავე თემაზე: