"საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებული არიან" | თინა ბოკუჩავა ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან მივიდა

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა მივიდა. ის ბრიუსელიდან დღეს დაბრუნდა და აპირებს, მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები პირადად გააცნოს. 

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით ყველა შეშფოთებულია.

"ყველა ძალიან შეშფოთებულია განსაკუთრებით იმით, რომ საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს, ადამიანს ჰქონდეს ღირსების უფლება, ჯანმრთელობის ადეკვატური დაცვის უფლება, ის რომ მოხდა მისი გადაყვანა მალულად, მოტყუებით, მისი უფლებების დარღვევით, წამების ფონზე. ისინი არიან ძალიან კარგად ინფორმირებული. ძირითადად გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტში, თუმცა არამხოლოდ, ასევე ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებში შევხვდით მნიშვნელოვან პირებს და ყველას კარგად ესმის, რომ ქვეყნის იმიჯისთვის არის უკიდურესად საზიანო, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასე ექცევიან", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვისაც არ ესმის, რამდენად დიდ ზიანი ადგება ქვეყანას მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობითა და მის მიმართ განხორციელებული წამებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია.

"ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ მათ ეს შეისმინონ. ქართველი ხალხის ძალისხმევა, ომბუდსმენის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საერთაშორისო ზეწოლაც საკვანძო იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო გადაყვანა ამ გლდანის, საპყრობილესაც ვერ დავარქმევ, რაღაც კარცერი იყო, წამების გარემო პრეზიდენტისთვის", - აღნიშნა ენმ-ის წევრმა.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. 

"პრეზიდენტის პოზიციაც ეს იყო, თუ ქვეყანაში იარსებებს სასამართლო, რომლის მიმართაც არსებობს საზოგადოებრივი ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, ბუნებრივია, ის არ გაურბის არცერთ შეკითხვას და მზად არის უპასუხოს, მაგრამ არა ამ აბსურდის თეატრში, რომელსაც ივანიშვილი სასამართლოს ეძახის", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი