
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ბესო ცეცხლაძის მხრიდან ბიზნესმენის მიმართ მუქარას "ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
ენმ შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები როგორც ცეცხლაძემ, ისევე მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.
"მერიის თანამშრომლები უკვე ლამის "დეშეკათი" დარბიან იმისთვის, რომ ქალაქში ზედამხედველობის სამსახურმა თავისი ფუნქცია-მოვალეობები შეასრულოს. მერიის ასე ჩუმად ყოფნა და დუმილი ნიშნავს იმას, რომ მას უფლება აქვს მიცემული, ასე შეიარაღებულმა ბანდებმა, დაჯგუფებებმა ირბინოს ქალაქში და მოსახლეობას ელაპარაკოს, თუნდაც იმ მოსახლეობას, რომელიც კანონდარღვევით აშენებს ან აფუჭებს. მოვითხოვთ დროულ რეაგირებას. ეს ადამიანი და მისი ხელმძღვანელიც ასევე უნდა წავიდნენ სახლში", - თქვა რევაზ ხარაზმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ თქვა, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე ემუქრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ცეცხლაძე მას კომერციული ფართის საფასურის დაკლებას სთხოვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, იარაღით დაემუქრა.
ამავე თემაზე:
ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იარაღით დაემუქრა