
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ოკუპანტების მორიგი ტყვე მამუკა ჩხიკვაძეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გააქტიურა და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიაწოდა.
"სამი დღის წინ წავიდა, უნდა ჩამოსულიყო ისევ. წავიდა მამის სასაფლაოზე, იქ ძმაც მყავს, ბებია-ბაბუია. ახალ გარდაცვლილი მყავს დედა, სტრესის ნიადაგზე გზა შეეშალა და მოხვდა იმ ადგილას", - ამბობს გატაცებულის და, ირმა ჩხიკვაძე.
მამუკა ჩხიკვაძის გარდა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს არაერთი მოქალაქე აიყვანეს. 10 დეკემბერს გავიგეთ, რომ სოფელ წინაგარას მიმდებარედ 2 პირი უკანონოდ დააკავეს. წელიწადზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუაც.