ცენტრი "ემპათია" ხმაურიანი დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება, რომელშიც უკვე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფარმაკიოლოგიურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე იქნება საუბარი.
დასკვნის გამოქვეყნებამდე "ემპათიას" ხელმძღვანელმა იმ პრეპარატის სახელწოდება გაასაჯაროვა, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამებისთვის იყენებდა.
მისი თქმით, პენიტენციური სისტემის დავალებით, ექიმები სააკაშვილს ძლიერ ანტიფსიქოზურ მედიკამენტს "კეტილეპტს" დასმული დიაგნოზის შეუსაბამოდ აძლევდნენ და არწმუნებდნენ, რომ ის უძილობის სამკურნალოდ იყო აუცილებელი.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი აუცილებლად საჭიროებს საზღვარგარეთ, სრულფასოვან მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.
"დასკვნა იქნება მულტიპროფილური. ეს არის პრაქტიკულად სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. ეს შემდგომში შეიძლება იქნას გამოყენებული სამართალწარმოების დროს როგორც ადგილობრივად, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ახლა უკვე წამყვანი არის ნევროლოგიური აშლილობის კლინიკა, ეს არის ვერნიკეს სინდრომი. კიდევ, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. არ არსებობს ასეთი დაწესებულება, სტაციონალური რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც მოხდება ნეირო ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რაც ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მესამე პრეზიდენტის ფსიქონევროლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ დამოუკიდებელი კონსილიუმის წევრებიც.
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უნდა შეფასდეს სხვადასხვა მიმართულებებით. ეს არის მისი სომატური სტატუსი, შინაგანი ორგანოები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ასე შემდგომ. ეს არის მისი ნევროლოგიური სტატუსი, მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური სტატუსი. ყველა ამ მიმართულებით სიმპტომთა მერყეობას აქვს ადგილი და არ არის სტაბილურობა მიღწეული. ასეთი გამოცდილება საქართველოში არცერთ კლინიკას არ გააჩნია, ამ სამი მიმართულების ერთად შერწყმის, ვინაიდან, ყველა მათგანი საკმაოდ რთულია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ შესაძლებლობა არის უცხოეთის რომელიმე კლინიკაში", - თქვა ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ.