გაცილებით სუსტადაა, ვიდრე წინა ვიზიტზე... ის არის წამების მსხვერპლი - აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა გორის სამხედო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი მოინახულა. როგორც მან ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით სუსტადაა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს მძიმე ტრავმა მიაყენეს და მისი პრობლემების დასაძლევად ეფექტური მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. 

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ის გაცილებით სუსტადაა, ვიდრე ჩემ წინა ვიზიტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და ბუნებრივიც არის, მიხეილ სააკაშვილი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამას მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას საუბრობენ ექიმებიც, ამას საუბრობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, სახალხო დამცველიც. ყველა ეს დოკუმენტი, ანგარიში, პირდაპირ აცხადებს, რომ ძალიან სერიოზული დარღვევები იყო მის საქმეში და ბუნებრივია, რომ ის არის ძალიან სუსტად. ჩვენ ვხედავთ ექიმების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც იქნება ეფექტური იმ პრობლემის დასაძლევად, რაც მას აქვს ამ ტრავმის მიღების შემდეგ, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად", - თქვა აკაკი მინაშვილმა. 

ის სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა - "ჩემი თვალით შევესწარი, მართლაც, დაახლოებით 80%-ს საკვებისას უბრალოდ ვერ იღებს". 

ამასთან, აკაკი მინაშვილმა შერიგების ინიციატივასა და კრიზისის დაძლევაზე ისაუბრა: 

"ეს არის შეთანხმება კონკრეტულ თამაშის წესებზე, როგორ უნდა გააგრძელონ პოლიტიკურმა აქტორებმა ამ ქვეყანაში თავის საქმიანობა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კრიზისი დავძლიოთ, თუ ხელისუფლებას უნდა პირველ რიგში, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ყველა იმ მიმდინარე მოვლენაზე, რაც ქვეყანაშია, უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში [...] ამის გზა არის შემდეგი, პოლიტიკური დევნის დასრულება, სამართლიანი სასამართლო, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, სამართლიანი საარჩევნო სისტემა და ვადამდელი არჩევნები", - თქვა მან. 

მისივე თქმით, ჯერ "ოცნებისგან" პასუხს ვერ ხედავენ, ამიტომ პროტესტის ტალღა გაგრძელდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი