
პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხვალ სასამართლოში ბოლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, ისიც და ბადრი ჯაფარიძეც, ამაყობენ იმით, რაც 2008 წელს გააკეთეს და ახლაც ზუსტად იგივეს გააკეთებდნენ.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთი მეთოდებით მათ შეშინებას და შეჩერებას ვერ შეძლებს.
"ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!
- ფულის გათეთრება არ ყოფილა,
- ფულის მითვისება არ ყოფილა,
- საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი,
- საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები)
- პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ
- დღესაც ვამაყობთ რაც 2008 წელს გავაკეთეთ
- გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას
- ეხლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით
- ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც", - წერს მამუკა ხაზარაძე.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.