თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო სხდომა უნდა ჩატარდეს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სამივე მათგანს პატიმრობა ემუქრება.
ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკიდან ჩამოშორება და მათი ბიზნესრეპუტაციის განადგურება - ასეთი იქნება ხანგრძლივი სასამართლო განხილვების შედეგი, თუკი მოსამართლე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასებულ საქმეზე ამ სამეულს დამნაშავედ სცნობს.
"სამი წელიწადია, მიმდინარეობს ჩვენი ყოვლად უსამართლო დევნა პროკურატურის მიერ, რისი მიზანიც არის ჩვენი რეპუტაციული ზიანის მიყენება, ასევე მაქსიმალური ზიანის მიყენება ზოგადად ჩვენი საქმიანობისადმი", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
საქმის აბსურდულობაზე საუბრობს "TV პირველის" დირექტორი, ვატო წერეთელიც:
"უგუნური ხელისუფლება რას ჩაიდენს, თვითონაც არ იციან. იმდენად შეკერილია საქმე, რომ კანადელმა ექსპერტმა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაიქირავა, დადო დასკვნა, რომ არათუ ფულის გათეთრება, არამედ რას დაობს პროკურატურა, თვითონაც არ იცის", - თქვა ვატო წერეთელმა.
სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსალოდნელი პოლიტიკური დაკავებების საპასუხოდ სამოქმედო გეგმაზე გუშინ იმსჯელეს, აცხადებენ, რომ ხელს ვერ შეუწყობენ "ქართულ ოცნებას", მშვიდად ჩაატაროს დაკავებების პროცესი.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.