
აუცილებელია რეფორმების გატარება, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება - ეს არის მოთხოვნები, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა და რომელზეც ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა დამოკიდებული.
"ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით", - ნათქვამია დოკუმენტში.
სამიტის დასრულების შემდეგ, დეკლარაციის მთავარ საკითხებზე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა:
"ეს სამიტი და პარტნიორობა ღირებულებებზე დგას, ესენია: კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები. ეს ის ღირებულებებია, რომელზე დაყრდნობითაც ევროკავშირს მის აღმოსავლელ პარტნიორებთან სურს ურთიერთობა. მეორე, რასაც დეკლარაციაში იხილავთ, ეს სამიტი არის შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ აუცილებელი რეფორმების პროცესს. რეფორმებისას, რომელიც აუცილებელია ამ პარტნიორობის მომავლისკენ მისამართად", - თქვა შარლ მიშელმა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება.
ბრიუსელში გამართულ სამიტში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთის 5 პარტნიორ ქვეყანასთან: საქართველოსთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მოლდოვასთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო სამიტზე არ ჩასულა. მანამდე მინსკმა ევროკავშირის სანქციების პასუხად განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობა.