დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე პირველად გამოჩნდა ბრალდების მთავარი მტკიცებულება - იარაღი, რომლის უკანონოდ ტარებასაც ედავებიან მთავარი არხის დამფუძნებელს. გიორგი რურუას პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ეს ცეცხლსასროლი იარაღი სხვა მტკიცებულებთან ერთად იყო წარმოდგენილი. გიორგი რურუამ აღნიშნული იარაღი ვერ ამოიცნო. დაცვის მხარე განმარტავს, რომ რურუას იარაღი არათუ ჩაუდეს, არამედ განუმარტეს, რომ მას იარაღი ჰქონდა.
ბრალდების მხარე კი აღნიშნავს, რომ დღეს წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გიორგი რურუას ნამდვილად ჰქონდა ეს ცეცხლსასროლი იარაღი.
დაცვის მხარის განმარტებით, სერიული ნომერი, რომელიც იარაღზეა დატანილი, არ არის შეტანილი ჩხრეკის ოქმში, რომელიც საქმის მასალებშია.
როგორც იქნა, ვნახეთ, მათ შორის გიორგიმაც პირველად ნახა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოც იმყოფება უკვე პატიმრობაში შვიდ თვეზე მეტია და აღმოვაჩინეთ, რომ იარაღის მჭიდზე დატანილია ნომერი, შესაბამისად, ეს ნომერი ჩხრეკის ოქმში არ გვხვდება. სამაგიეროდ, ჩხრეკის ოქმში გვხვდება, მაგალითად, 10 ლარიანი კუპიურის ნომერი, რომელიც გიორგის ჰქონდა თან. ეს ნიშნავს, რომ ჩადებულია იარაღი მჭიდთან ერთად და ვაზნებთან ერთად, - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
მისი თქმით, სხდომის მიმდინარეობისას გამოიკვლიეს გიორგი რურუას ტანისამოსიც, რომელიც არ არის ისეთი მასალის, რაც ხელს შეუშლიდა მასზე მეტალის კვალის გადასვლას. საძაგლიშვილის მტკიცებით, მეტალიზაციასთან დაკავშირებული საექსპერტო დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.
დღევანდელ სხდომაზე, გიორგი რურუას კუთვნილი ავტომანქანის გარდა, საქმეში არსებული მატერიალური ნივთმტკიცებულებები სრულად განიხილეს. მომდევნო პროცესი ჩანიშნულია ოთხშაბათს, რომელზეც, სავარაუდოდ, ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ.