მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.
საქმე ეხება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, 2018 წელს დაწყებულ გამოძიებას.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძახება, რა საქმე აქვთ გახსნილი, გამოძიება რაზე მიმდინარეობს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა პოზიცია დავიჭიროთ", - თქვა თემურ ალასანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერები, რაზეც გამოძიება საუბრობს, ავთენტური არ არის და ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პიარის მცდელობაა.
"არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამიტომ ამაზე შინაარსობრივად განცხადებას არ გავაკეთებ. მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, არ შემიტანია არავითარი განცხადება ან მოთხოვნა გამოძიებაზე. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე უნდა მოვითხოვო მათი დაცვა და მოვითხოვ იქ, სადაც ვცხოვრობ, ამერიკაში. მაგრამ, მე ამას არ ვთვლი საჭიროდ. ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მცდელობა, საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით", - აღნიშნ მან.
რაც შეეხება საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზს, თემურ ალასანია ამბობს, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის და ახალი წლის აღსანიშნად არის ჩამოსული:
"დაბადების დღისთვის ვარ ჩამოსული და ახალი წლისთვის. დედაჩემის სასაფლაოზე არასოდეს ვყოფილვარ, ახლა ახალი წელია. ჩამოვედი რომ ჩემ დას გავუწიო რაღაც დახმარება, გვერდით დავუდგე მორალურად, დაბადების დღე აღვნიშნოთ ოჯახში მიშასი", - თქვა თემურ ალასანიამ.