დაორგანიზებული აქცია და მოსალოდნელი სამართლებრივი დევნა -თემურ ალასანიას გამოკითხვა საქალაქოში

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან დასრულდა. მისი უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიებას კითხვები მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე ჰქონდა.

თემურ ალასანიას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გენერალურმა პროკურატურამ მესამე პრეზიდენტის ბიძის მიმართ სამართლებრივი დევნაც დაიწყოს. 

ბექა ბასილაიას თქმით, წესით გამოძიება უნდა იკვლევდეს ვინ გაავრცელა უკანონო ჩანაწერები, მაგრამ გამოძიება დღეს საუბრის შინაარსით ინტერესდებოდა. 

ჩანაწერთან დაკავშირებით დაცვის მხარე ამბობს, რომ არაავთენტურია და თავად ის უწყება, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, ნდობას არ იწვევს, ხოლო, ფრაზები სხვადსხვა საუბრიდან არის ამოღებული. 

"ეს არის სახელისუფლებო პროპაგანდა, ის, რაც აქ ეზოში ვიხილეთ, დაორგანიზებული აქცია, ეს არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული საქმე, ცდილობენ, რომ ეს საქმე გადაიყვანონ ეროვნულ გრძნობებზე და ა.შ. იმ ფალსიფიცირებული უკანონო ჩანაწერებზე დაყრდნობით. ის არის ფალსიფიცირებული ჩანაწერები. დღეს იყო როგორი ფარსი - გამოძიება დაწყებული აქვთ უკანონო მოსმენაზე და უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე და ამ დროს, კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე, უნდოდათ, დღეს ვინმეს დაედასტურებინა, რომ ეს თურმე რეალური ჩანაწერია. იმისთვის, რომ შემდეგ დაეორგანიზებინათ ხალხი, რომლებიც გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ თემურ ალასანია ქართველ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას. ეს არ არის თემურ ალასანიას საუბარი და ეს არის შეკოწიწებული მისი სხვადასხვა საუბრიდან და ესე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უკანონოდ გვისმენენ, შეაკოწიწონ და გამოიყვანონ ისეთი შინაარსი, რომ ხალხი აღშფოთდეს“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

თავად თემურ ალასანიას გამოკითხვის შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებია. მიზეზი ის დაორგანიზებული აქცია იყო, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში მოაწყვეს და რაიმე სახის ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, მან თავი აარიდა საქალაქოს ეზოში კომენტარს.

ცნობისთვის, თემურ ალასანია აშშ-ს მოქალაქეა. ის ამბობს, რომ ჩანაწერი, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს არაავთენტურია და თუ გადაწყვეტს, რომ მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პროცედურები დაიწყოს, ამას გააკეთებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი