
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე.
სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, დაცვის მხარეს კი რამდენიმე შუამდგომლობა ექნება, რომელიც მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის მოთხოვნას შეეხება.
პროკურორებმა უკვე დააყენეს შუამდგომლობა ჩხრეკის დროს ელგუჯა ცომაიას სახლში ამოღებული სამი მობილური ტელეფონი დაერთოს საქმეს მთავარ მტკიცებულებად და ასევე გამოიკითხოს ის 2 გამომძიებელი რომლებიც ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.
ადვოკატები კი ცენტრ "ემპათიასა" და სახალხო დამცველის დასკვნების დართვის შუამდგომლობას აყენებენ.
შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.