"ემპათიას" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება | სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. 

ერთ-ერთი შუამდგომლობით, ადვოკატებმა მოითხოვეს, საქმეს დაერთოს ის დოკუმენტები, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი. საქმე ეხება სახალხო დამცველისა და ცენტრ "ემპათიას" მიერ მომზადებულ დასკვნებს.

უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ შესაძლებელია, პროცესზე ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხონ, რომლებიც სასამართლოს მეტ ინფორმაციას მიაწვდიან დასკვნებთან დაკავშირებით.

მოსამართლეთა კოლეგიამ დაცვის მხარეს ჯერჯერობით მხოლოდ შუამდგომლობის ნაწილზე უპასუხა. კერძოდ, მოსამართლეებმა თანხმობა განაცხადეს, საქმეს დაერთოს "ემპათიას" დასკვნა და სხდომაზე ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხოს.

გარდა ამისა, ადვოკატები ითხოვენ, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს პოლიტიკოსების განცხადებები, მათ შორის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ, თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი "ჭკვიანად არ იქნება, მუხლებს დაუმატებენ". უფლებადამცველების თქმით, ეს ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ამ შუამდგომლობის გაჟღერებას პროცესზე ხმაური მოყვა. პროკურორებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსების განცხადებები საქმეს არ უნდა დაერთოს, რადგან ამას მათი მტკიცებით, "არ შეიძლება სამართლებრივი ძალა ჰქონდეს".

შუამდგომლობების განხილვა გრძელდება. დღეს ადვოკატები ასევე მოითხოვენ 7 ნოემბრის საქმეზე ორი მოწმის - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას ხელახლა გამოკითხვას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი