მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ პროკურატურას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს და არა სიმართლის დადგენის სურვილი.
მისი თქმით, პროკურორების მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე გაფრთხილება იყო და გზის გადაკეტვის საჭიროება არ იდგა.
"ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე საკმაო დრო მიეცათ მომიტინგეებს, იმისთვის, რომ პოლიციის მოთხოვნა შეესრულებინათ, საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე ჩვენ ვნახეთ, რომ მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო. [...]
თუ პროკურატურა ამბობს, რომ ამ საქმის ფარგლებში ობიექტურად იკვლევენ სიმართლეს და აინტერესებთ ჭეშმარიტების დადგენა და არა პოლიტიკური დევნა, ერთი პოლიციელიც მაინც რატომ არ არის დაკითხულიმ უფრო მეტიც, არ არის პასუხისგებაში მიცემაზე საუბარი. 20 ივნისის მოვლენებზე ვინ დაიჭირეს?! მხოლოდ პოლიციელები, გადაცდომას ჰქონდა ადგილიო, ამ საქმეში არცერთი პოლიციელი დაკითხულიც კი არ არის - ამბობს ბასილაია
მისი თქმით, პროკურორების მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა მეტყველებს, რომ ამ საქმეში მათ პოლიტიკური მოტივაცია აქვთ, პროცესზე ისინი კადრებიდან კადრებზე ხტებოდნენ. ბასილაია ამბობს, რომ ბრალდების მხარემ სრულად არც იმდროინდელი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადება გაუშვა , რომელიც ამბობდა, რომ ეს საპოლიციო ღონისძიებები კანონიერი იყო. მას შემდეგ, რაც ის პროკურატურამ მოწმედ მიიყვანა საუბარი პირიქით დაიწყო.
"ვიდეოს გამოკვლევის დროს, პროკურატურა კადრებიდან კადრებზე ხტებოდა, სრულად არ გაუშვა ამ საქმეში მათ მიერვე მოწმედ მოყვანილი იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებები, ნოღაიდელი ამბობდა, რომ ეს საპოლიციო ღონისძიებები იყო კანონიერი, სასამართლოში კი საუბარი სხვაგვარად დაიწყო", - თქვა ბექა ბასილაიამ.
საქმის პროკურორის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიზეზებს და შინაარსობრივ განხილვებს არ ესწრება. მისივე თქმით, პრეზიდენტმა დანაშაული ვანო მერაბიშვილს გადააბრალა.