პროკურატურამ ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა - უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალს, 30-მდე ჭრილობა დანით მიაყენა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა, რაც 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს და შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
მკვლელობა ვარკეთილში, 22 დეკემბერს მოხდა.