
არ მიგვაჩნია სწორად, მუდმივად მომგებიანი სექტორი ასუბსიდიროს სახელმწიფომ - ასე ახსნა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დასუფთავების სამსახურის გადასახადის გაორმაგება.
კალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, ხმალაძე განმარტავს, რომ დარიცხვა ბიზნეს სექტორზე და დაწესებულებებზე სულ 17 მილიონი ლარით გაიზრდება.
"მთლიანად დარიცხვა ბიზნეს სექტორზე და დაწესებულებებზე გაიზრდება 17 მილიონი ლარით. ეს არის ის 17 მილიონი, რომელსაც აქამდე მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებდა. კიდე ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ეს არიან სუბიექტები, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას და არ მიგვაჩნია სწორად, მუდმივად მომგებიანი სექტორი ასუბსიდიროს სახელმწიფომ. იმოქმედებს ერთწლიანი ერთჯერადი 1 000-ლარიანი ვაუჩერი. სააბონენტო ბარათზე აესახებათ 1 000 ლარი დეპოზიტის სახით და მხოლოდ მას შემდეგ მოუწევთ გადახდა, რაც გაიხარჯება ეს 1 000 ლარი, შეეხება მხოლოდ სასტუმროებს და კვების ობიექტებს",- თქვა ირაკლი ხმალაძემ.
ირკვევა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდასთან ერთად, ორმაგდება დასუფთავების სამსახურის გადასახადი იურიდიული პირებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.
მაგალითად, თუ სკოლა ერთ მოსწავლეზე თვეში 25 თეთრს იხდიდა, საკრებულოს მიერ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, 50 თეთრს გადაიხდის.
გადასახადის გაორმაგება ოპოზიციამ გააპროტესტა. სხდომაზე, თბილისის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა, რომელმაც ტარიფის გაძვირება, მოსახლეობის რაოდენობის ზრდით ახსნა.