ძმებ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 4 და 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, გუშინ, 24 დეკემბერს სასამართლომ ძმებ წულუკიძეებს და მათთან ერთად დაკავებულ 5 პირს პატიმრობა მიუსაჯა. 

დეკანოიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

"წუხელ, არაფრის გამო რეჟიმმა დაიჭირა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 7 ადამიანს, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ძმებს. ერთი ოჯახიდან, თორნიკე, თამაზ, გელა, ირაკლი ჭელიძეებს, ერთი ოჯახიდან 4 წევრი და ელდარ ანთაძეს 5 წელი. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა რეჟიმმა, მოუწყო პროვოკაცია მაშინ, როცა ისინი საპროტესტო აქციაზე გავიდნენ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უთანხმოება დავით რიჟვაძესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ისინი იყვნენ ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერები",-თქვა ხატია დეკანოიძემ.

ენმ-ს წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ, ძმებ წულუკიძეებს დავით რიჟვაძე [თორნიკე რიჟვაძის მამა და აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანი] ესაუბრა და მათ არჩევნებში დახმარება მოსთხოვა.

როგორც კირთაძე ამბობს, რიჟვაძე წულუკიძეებისგან მოითხოვდა, რომ მათ არჩევნების წინ ფიზიკური ძალა გამოეყენებინათ. რიჟვაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის. 

"2020-ის არჩევნების წინ, პირადად დათო რიჟვაძე ესაუბრა ამ ბიჭებს, დახმარება სთხოვა, დაუკონკრეტა, რომ მათი ფიზიკური ძალა იყო საჭირო... მას შემდეგ, რაც ბიჭებმა რიჟვაძეები ამხილეს, უფრო მეტიც, დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს, რომელიც ადასტურებდა, რომ მიმდინარეობდა მათი მოსყიდვის მცდელობა და ზეწოლა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა საქმე დღესაც თაროზე დევს, როგორც ფუტკარაძის, რომელშიც ასევე დავით რიჟვაძეა ჩართული",-თქვა გიორგი კირთაძემ.

ძმები წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი