
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არა გაუქმება, არამედ მისი ორი სამსახურით ჩანაცვლება ხდება.
როგორც მან "იმედის" ეთერში თქვა, ცვლილებების შემდეგ, საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები "გაფართოვდება".
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით - ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები. თავის დროზეც იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში. ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე - გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია", - თქვა კობახიძემ.
წამყვანი კითხვას - არის თუ არა ეს პოლიტიკური საკითხი, "ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა: "ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ გამართულია, არამედ აუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას".
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
"ქართული ოცნების" ინიციატივას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართა შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს, ამიტომ ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებას ის სწორედ ამას უკავშირებს.
უწყების შესაძლო გაუქმების საკითხს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ მისთვის "ქართული ოცნების" ინიციატივა "სიურპრიზი იყო" და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.