"შესაძლებელია, ხელისუფლებას ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივი" - ნიკა სიმონიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის შესაძლო გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით, ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ, 28 დეკემბერს განიხილავს.

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში მმართველი გუნდის ინიციატივას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან გადადგმულმა დამოუკიდებელმა ნაბიჯებმა გააღიზიანა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხელისუფლებას უბრალოდ არ მოეწონა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ობიექტურად რომ შევაფასოთ, სწორი იყო. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯები იმ მომენტისათვის არ აწყობდა და მისი არაერთი არასწორი ნაბიჯიც კი გამოააშკარავა ამ ყველაფერმა. ინსპექტორის სამსახურთან საერთოდ არ გავლილა არანაირი კონსულტაცია და როგორც მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, იგეგმება დაჩქარებული წესით განხილვა არ კანონპროექტის. ეს ერთადერთ რამეზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს შესაძლებელია ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები", - თქვა საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

პარტია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ წინასაახლწლოდ მსგავსი კანონპროექტი პარლამენტში შესაბამის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

"კანონპროექტი, რომელიც ნაჩქარევად და მალულად მოამზადა ვითომ 6-მა დეპუტატმა და რომელიც სინამდვილეში გამოხატავს უმრავლესობის ნებას, არის ნაკარნახევი შიშით. "ქართული ოცნება" უფრთხის და ვერ იტანს ვერცერთ ინსტიტუციას და ადამიანს, რომელმაც შეიძლება რაღაც ხარისხით მისგან დამოუკიდებელი და მისადმი დაუმორჩილებელი პოზიციები დააფიქსიროს. იმედი მაქვს, წინასაახალწლო დღეებში ესეთი ნაბიჯი ვერ გავა, რადგან ძალიან სერიოზული მობილიზებაა საჭირო, ეს არ არის მხოლოდ ერთი ინსტიტუციის გაუქმების თუ დარჩენის თემა", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.​​

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

"ქართული ოცნების" ინიციატივას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართა შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს, ამიტომ ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებას ის სწორედ ამას უკავშირებს.

უწყების შესაძლო გაუქმების საკითხს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ მისთვის "ქართული ოცნების" ინიციატივა "სიურპრიზი იყო" და იმედი გამოთქა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი