"იყო იქ ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მე პირადად მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ის ხმაურიანი გადაწყვეტილებები რამდენიმე" - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლონდა თოლორაიაზე.
სარჯველაძის ირწმუნება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ ხდება და ყველა ის ფუნქცია, რაც დღეს ამ უწყებას აქვს, მოქმედი კანონმდებლობით "კვლავაც იქნება შენარჩუნებული".
"დაგეგმილია, რომ იგივე ფუნქციების განსახორციელებლად, რაც დღეს აქვს სახელმწიფო ინსპექტორს განსაზღვრული საკუთარი მანდატით, იფუნქციონირებს ორი სხვადსხვა დაწესებულება და ყველა ის ფუნქცია, რაც დღეს აქვს, კვლავაც იქნება შენარჩუნებული მოქმედი კანონმდებლობით. ეს არის რეფორმის არსი, ამდენად საუბარი, რომ უქმდება და აღარ იფუნქციონირებს ეს ფუნქციები, ეს სწორი არ არის. გაიმიჯნება ერთმანეთისგან ფუნქციები, რომელიც უკავშირდება: პერსონალური მონაცემების დაცვასა და ინსპექტორის რეფორმით გათვალისწინებულ საკითხებს. რაც შეეხება ქალბატონ ლონდას სად და როგორ გააგრძელებს ეს მის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება შეფასებს, იყო იქ ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მე პირადად მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ის ხმაურიანი გადაწყვეტილებები რამდენიმე. თუმცა ამ დაწესებულებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები. პერსონალური მონაცემების დაცვის ნაწილში ამ დაწესებულებას ჰქონდა წარმატებები ქალბატონი ლონდას დანიშვნამდე ამ თანამდებობაზე", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
"ქართული ოცნების" ინიციატივას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართა შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს, ამიტომ ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებას ის სწორედ ამას უკავშირებს.
უწყების შესაძლო გაუქმების საკითხს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ მისთვის "ქართული ოცნების" ინიციატივა "სიურპრიზი იყო" და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.