"ორივე კანონპროექტზე მოვუწოდეთ შეაჩერონ პროცესი" - დეგნანი "ოცნების" დეპუტატებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ოცნების" დეპუტატებთან შეხვედრის დროს შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე. 

დეგნანის თქმით, პროცესი ნაჩქარევად, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში შესატანი ცვლილებების შემთხვევაშიც.

"კომიტეტების თავმჯდომარეებთან ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეხება. კონკრეტულად, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამ სამსახურის მთელ შემადგენლობას დაითხოვდა. განსაკუთრებით გაუგებარია ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. კომიტეტების წევრებმა გვიპასუხეს შეკითხვებზე და ვფიქრობ, მათ გაითვალისწინეს ჩვენი შეშფოთება, რასაც ძალიან ვაფასებ.

ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს დისციპლინარული პროცესი სასამართლო სისტემაში. ჩვენ აქაც გამოვთქვით შეშფოთება, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის. ორივე ამ საკითხზე ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ შეაჩერონ ეს პროცესი და განაახლონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება უფრო ფართო განხილვა, ყველა მხარის ჩართულობით", - თქვა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანი ცოტა ხნის წინ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი