მათ სურთ, იზოლაციაში, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფონ მიხეილ სააკაშვილი - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულ იზოლაციაშია - მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ დამატებითი სანქციები დაუწესა და მასთან მნახველების შესვლა შეზღუდა.

დღეიდან მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად უფლებადამცველებს, ოჯახის წევრებს ექიმებსა და მის თანამებრძოლებს კონკრეტული დრო ექნებათ გამოყოფილი. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ვიზიტორებს გორის ჰოსპიტალში მხოლოდ 4დან 6 საათამდე შეუშვებენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები უკანონოა და ამით მმართველი გუნდი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფოს. 

"სრულიად უკანონოდ მოხდა ლიმიტირება ვიზიტორების, სრულიად უკანონოდ მოხდა ამავდროულად კონსილიუმის წევრებისთვის ხელშეშლა, პარლამენტის წევრებისთვის და ადვოკატებისთვის, მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. მათ სურთ იზოლაციაში ამყოფონ, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფონ მიხეილ სააკაშვილი. ვნახეთ არაერთი კანონდარღვევა და ამავე დროს ეს შემოღებული ყაზარმული რეჟიმი, რასაც არანაირი სამედიცინო და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ვხედავთ ასევე, როგორ არაჰუმანურად ექცევა ხელისუფლება მედპერსონალს, რას აიძულებენ მათ. ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზეც მიიტანეს შეტევა, ფაქტობრივად, ჩამოშალეს ყველა ინსტიტუცია, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში დემოკრატიის სადარაჯოზე მდგარიყო", - თქვა ბექა ბასილაიამ.

როგორც მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ამ ქმედებებისთვის "ქართული ოცნება" საერთაშორისო დონეზე გადაიხდის ფასს.

"ყველა ღონეს მივმართავთ, რომ პრეზიდენტი მოვინახულოთ და არ მივცემთ საშუალებას "ქართული ოცნების" სპიკერებს, რომ მათ კაპრიზებზე განხორციელდეს დაცვის მხარის სტრატეგია. ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება და კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ამისთვის ხელისუფლებაც და ქართული სახელმწიფოც საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდ ფასს გადაიხდის", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ სანქციების პარალელურად მესამე პრეზიდენტს მკურნალი ექიმიც შეუცვალეს. ნინო გოგორიშვილს ხელისუფლებამ სკანდალური აღიარებითი ჩვენება არ აპატია და მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს ჩამოაშორა. ვინ ჩაანაცვლებს გოგორიშვილს და ვის ჩააბარებენ ამჯერად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგს,ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი