საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაური იკითხება. მის მიერ შედგენილი დოკუმენტი, კერძოდ 2012-2017 წლების სარეკლამო ბაზრის კვლევა, პროკურატურის საბრალდებო დასკვნაშია ნახსენები.
ბრალდების მხარეს ბექაური არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის ეტაპზე არ დაუკითხავს, ის პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატების მოთხოვნით გამოიძახეს.
"კომუნიკაციების კომისიას აქვს შესწავლილი სატელევიზიო-სარეკლამო ბაზარი და გამოქვეყნებული აქვს ანგარიში, რომლის ფარგლებშიც და რომლის ირგვლივაც მოხდება კახა ბექაურისთვის კითხვების დასმა. ისევე, როგორც აქამდე დაკითხულ ყველა მოწმის შემთხვევაში, არათუ ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია იქნა გაჟღერებული სასმართლოში, არამედ პირიქით, დასტურდებოდა, რომ სრულიად აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი ნიკა გვარამიას და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება მისი დევნა, დღევანდელი პროცესითაც გამოიკვეთება ეს გარემოება", - თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო სამივე ბრალდებულის [ნიკა გვარამია, კახა დამენია, ზურაბ იაშვილი] მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.