ხელისუფლება ფორსირებულ რეჟიმში მოქმედებს. "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ჩქარობს სახელმწიფო ინსპექტორის უწყების გაუქმებას. პარლამენტში განხილვის დასაჩქარებლად უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც კი მიიღეს და ღამის ათ საათზე იურიდიული კომიტეტის სხდომა დანიშნეს.
სახელმწიფო ინსპექტრის სამსახურის გაუქმებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. მწვავე პროტესტის, სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებისა და ხისტი შეფასებების მიუხედავად, "ქართული ოცნება" თანმიმდევრულად მიყვება გეგმას, რომელიც დამოუკიდებელი და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტის გაუქმებით დასრულდება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ არაფერს აუქმებს და ამ უწყების ნაცვლად ქმნის ორ სამსახურის - სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს.