
გაუქმდება თუ არა ინსპექტორის სამსახური - დღეს "ქართული ოცნება" ინიცირებული კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებას გეგმავს. უცნობია, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ამ კანონის წინააღმდეგ ვეტოს.
დღესვე პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს მოსამართლეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიღებაც "ოცნებას" დაჩქარებულად სურს.
"ზოგადად შინაარს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ის პროცედურები, რომლითაც ეს კანონპროექტები მიიღება, მარტო ამის გამო იმსახურებს ეს კანონპროექტები ვეტოს დადებას და ცხადია შინაარსი არის უბრალოდ ფაქტიურად თავზე გადავლა სახელმწიფო ინსტიტუტების, თავზე გადავლა სასამართლო ხელისუფლების. პოლიტიკურად გამართლებული იქნება, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებამოსილებას ამ საკითხზე, უბრალოდ, სამწუხარო ისაა, რომ ვეტოს დაძლევის გაჭირვებაც არ ექნება პარლამენტს", - თქვა EMC-ს იურისტმა, გური იმნაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს გუშინ, პირველი მოსმენით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს, 30 დეკემბერს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ არაფერს აუქმებს და ამ უწყების ნაცვლად ქმნის ორ სამსახურის - სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს.