რა ვითარებაში დააკავეს გიორგი რურუა და სად გაქრა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები - საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა უნდა დასრულდეს.
დღეს, სამართალდამცავებთან ერთად, დაიკითხება იმ კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლის კუთვნილი შენობის სიახლოვესაც ჩატარდა დაკავების ოპერაცია და ვის კამერებსაც, წესით, ყველაფერი უნდა ჩაეწერა.
შენობაზე დამონტაჟებული ექვსი კამერიდან მხოლოდ ერთი იყო გათიშული და სწორედ ესაა კამერა, რომელიც უყურებდა ადგილს, სადაც გიორგი რურუა დააკავეს.
დაიკითხება ბრალდების მხარის სამი მოწმე, კერძოდ იმ სამმართველოს უფროსი, რომელმსაც დააკავა რურუა და რომელმაც იარაღი ჩაუდო მას, ასევე პოლიციის თანამშრომელი და კერძო ორგანიზაციის თანამშრომელი, - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
დღევანდელი პროცესის შემდეგ დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა და დაცვის მოწმეების დაკითხვები უნდა დაიწყოს. დაცვის მხარის მოწმეების სია საკმაოდ გრძელია, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები, პოლიტიკოსები და სამართალდამცავები, რომელთა მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურამ საჭიროდ არ მიიჩნია.