
თავდასხმა პოლიტიკური მოტივით და "ჭკუის სწავლება" იარაღის მუქარით - ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელს და მის არასრულწლოვან შვილს, შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა მალხაზ თორია შვილთან ერთად მამის სასაფლაოზე იმყოფებოდა. თორია ამბობს, რომ მას ფიზიკურად 8-კაციანი დაჯგუფება გაუსწორდა, მანამდე კი თავდამსხმელები უთვალთვალებდნენ.
დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მასზე შური პოლიტიკური მოტივით იძიეს, რადგან თავდამსხმელები ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური არჩევანის გამო სჯიდნენ.
"ჩემთან ერთად მგზავრობდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი და გზად იგივე სოფელში შევაჩერეთ ავტომანქანა სასაფლაოსთან. სასაფლაოზე ჩემი შვილი ანთებდა სანთელს, რა დროსაც შეჩერდა გზის პირას ავტომანქანა, გადმოვიდნენ ჩემთვის უცნობი პიროვნებები. შემდეგ გაჩერდა მეორე მანქანა და საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, გადმოვიდნენ ეს ხალხი, მომიახლოვდნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა როგორც ჩემზე, ისე ჩემ შვილზე.
ორი მათგანი იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტით, ერთი ედგა ჩემ შვილს, მეორე კი მე. ამბობდნენ, რომ მე მივდივარ მათ წინააღმდეგ, ხელს ვუშლი და ეს იყო მიზეზი ჩემზე ფიზიკური ძალადობის. იყვნენ მინიმუმ 7-8 პიროვნება წვერებით, კეპებით. ისინი ადრე ნანახი არ მყავდა. ამავდროულად, ერთ-ერთი იძლეოდა განკარგულებებს, რომელიც ლაპარაკობდა გამართულ სუფთა ქართულ ენაზე, არ ჰქონდა არანაირი კუთხური აქცენტი და ვიღაცებს უბრძანა, მიეხედათ მანქანის საბურავებისთვის, დაჭრეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანის ოთხივე საბურავი. ამის შემდეგ, ისინი გაეცალნენ სასაფლაოს ტერიტორიას.
ვის ხელშიც არის სრულყოფილი ძალაუფლება, ის შეძლებდა მხოლოდ ამას ჩემი ვარაუდით. სამართალდამცავ ორგანოებში ნამუშევარი ვარ რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში და მე ასეთი რამ მახსენებს მხოლოდ და მხოლოდ 90-იან წლებს", - თქვა მალხაზ თორიამ.
მომხდართან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტია გამოძიების დაწყებას, დამნაშავეების იდენტიფიცირებას და მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
"როგორც ჩანს, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა. საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე, არამედ მორალის და ადამიანობის სრულად წაშლაზე", - თქვა კახა ქემოკლიძემ.
ავტორი: ემა გოგოხია