ყაზახეთში ვითარება ისევ დაძაბულია - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

გამოქვეყნდა:

ყაზახეთში ვითარება დაძაბული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა, სოციალურ ქსელებში იქ არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოები მაინც ვრცელდება.

ცნობილი ხდება, რომ ქალაქ აქტობეში დემონსტრანტებმა რაიონული ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთან შეხვედრის მოთხოვნით, რაიონულ ადმინისტრაციასთან ღამე გაათიეს, დილით კი შენობის მინები ჩაამსხვრიეს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

მთავრობის გადადგომის შემდეგ, დემონსტრანტები ყაზახეთში ხელისუფლების სრულად შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

შეგახსენებთ, მასობრივი პროტესტი ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში 2 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ მთავრობის გადადგომა და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაზარბაევი პრეზიდენტი აღარ არის, იქ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება.

მწვავე პროტესტის შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა.

ამ დროისთვის ქვეყნის რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. მათ შორის,  პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა ალმატის ოლქში, რომელიც 19 იანვრამდე გაგრძელდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი