ულტიმატუმის ამოწურვამდე რამდენიმე საათი რჩება. მესამე პრეზიდენტი დარღვეული უფლებების აღდგენას - სამედიცინო მომსახურებას, კონფიდენციალურობის დაცვას და სატელეფონო ზარების უფლებას ამ დრომდე ითხოვს.
რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველი, შოთა თუთრებიძეა მივიდა. მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს არავითარი არგუმენტი არ აქვს.
"ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. არავითარი არგუმენტი პენიტენციურს არ აქვს. ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი აქვს უფლება ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე, რაც უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება, ეს არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გარდა ამისა, აქ არ არის შესაბამისი აღჭურვილობა, და ასეც რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული მომსახურება. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას და არ ვაკისრებთ დამატებით ტვირთს, ვითხოვთ იმ უფლების რეალიზებას, რაც ყველა აქ მყოფ ადამიანს გააჩნია. ამიტომ ყველანაირი შეზღუდვა, ხელოვნური ბარიერი თუ დაბრკოლება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის არის უკანონო",- ამბობს თუთბერიძე.
აღსანიშნავია , რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მირდატ ქამადაძე, რომელიც ურისტის სტატუსით დღეს ციხეში შესვლას ეცდება. ჯერჯერობით უცნობია დართავენ თუ არა მას ამის უფლებას.
იხილეთ ასევე: