
ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებების დროს ათეულობით დემონსტრანტი მოკლეს. პოლიცია ამბობს, რომ მოქალაქეებს ალმატში "წესრიგის აღდგენის ოპერაციის" დროს გაუსწორდნენ.
პოლიციის სპიკერის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაწყო, რაც მომიტინგეებმა სცადეს ქალაქის პოლიციის განყოფილების აღება.
არსებული ინფორმაციით, უშიშროების ძალების 12 წევრი დაიღუპა და 353 დაშავდა არეულობის დროს. TASS წერს, რომ ერთ-ერთ სამართალდამცავს თავი მოჰკვეთეს.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციების დროს 1 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 400-ზე მეტი საავადმყოფოშია.
ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან დაიწყო და მალევე სხვადასხვა ქალაქები მოიცვა. მოქალაქეები გაზსა და საწვავზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ. ყაზახეთში 5 იანვარს მთავრობა გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს 8 პოლიციელი დაიღუპა, მშვიდობიან მოქალაქეებზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ" ქვეყანაში ჯარების შეყვანა უკვე დაიწყო.