იმთავითვე ჩართულები ვართ და ამოქმედებულია ცხელი ხაზი - მინისტრი ოკუპანტების ტყვეებზე

გამოქვეყნდა:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ტყვეობაშია 6 მოქალაქე, რომელთა გასათავისუფლებლადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს:

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია [ცხინვალის რეგიონის მიმართულებით] და უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დღესდღეობით, საქართველოს 6 მოქალაქე. მათი გატაცების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყველა წარმომადგენელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმთავითვე ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში. რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტებმა 24 დეკემბერს გაიტაცეს და 27-ში "პატიმრობა" შეუფარდეს ლაშა ხეთერელს.

ამ დრომდე არაფერია ცნობილი მამუკა ჩხიკვაძეზეც, რომლის შესახებაც საოკუპაციო რეჟიმისგან მოხლოდ ის ვიცით, რომ ცხინვალის ციხეშია და არარსებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკების გადატანასაც ედავებიან. ჩხიკვაძის თანამებრძოლები ეჭვობენ, რომ ის ნაწამებია და არ გამორიცხავენ რომ ვლადიკავკაზშია გადაყვანილი სამკურნალოდ.

მათი ვარაუდით, ჩხიკვაძე რუსეთში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სტრასბურგმა ოკუპანტ სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდება დაავალა 4 იანვრისთვის, რუსეთმა კი 20 დღით ითხოვა ვადის გახანგრძლივება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი