
პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 ქართველი დააკავა, ისინი 20-25 წლამდე ასაკის არიან.
დაკავებული 4 პირიდან სამს იარაღის მუქარით ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს და მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთს კი გამოძიება დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება.
"ქართული დანის ბანდა" - ასე მოიხსენიებს პოლონური მედია დაჯგუფებას, რომელიც პოლიციამ ვარშავაში მომხდარი ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ მამაკაცს, რომლებიც 2021 წლის 9 დეკემბერს ვარშავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კლუბიდან ბრუნდებოდნენ.
დაჯგუფების წევრებმა იარაღის მუქარითა და შანტაჟით 24 და 26 წლის მამაკაცებს წაართვეს მობილური ტელეფონები და 2 000 პოლონური ზლოტი (1534.46 ლარი).
ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველები 16 დეკემბერს ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.