
კარდენახში 62 წლის კაცი ყოფილმა სიძემ 4 არასრულწლოვნის თვალწინ დაჭრა - კახეთში, ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სიძე ოჯახის დანგრევაში სიმამრს ადანაშაულებდა და მასაც და ყოფილ ცოლსაც მოკვლით ემუქრებოდა.
დაჭრილის მეუღლე ამბობს, რომ ყოფილი სიძე მათთან კარდენახში საგანგებო ჩავიდა, სახლში შეიპარა და კაცს კისრის არეში 4-ჯერ ჩაარტყა ბასრი საგანი: "გახსნა კარები, შემოვიდა, ამოიღო ხანჯალი და კისერში დაარტყა" - ამბობს დაჭრილის ცოლი დალი საჩეჩელაშვილი.
დაჭრილი რეანიმაციაშია, მძიმედაა და ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
რაც შეეხება ბრალდებულს - ის დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, პოლიციას თავადვე ჩაბარდა. ახლობლები კი ამბობენ რომ ოჯახური ძალადობისთვის წარსულშიც ნასამართლევია.
ამჟამად, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ია გულიაშვილი