დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლონდონის საავადმყოფოებში პერსონალის დეფიციტის გამო, 200 ჯარისკაცი გაგზავნა.
თავდაცვის სამინისტრო მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) საავადმყოფოებს 40 სამხედრო მედიკოსითა და 160 მორიგე პერსონალით უზრუნველყოფს.
BBC- ის ინფორმაციით, ლონდონის საავადმყოფოებში პერსონალის დეფიციტი "ომიკრონის" შტამის სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია. ინფიცირებულთა შორის არიან თავად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებიც. 2 იანვრის მონაცემებით, ინგლისში NHS-ის პერსონალის დაახლოებით 4% კოვიდის გამო, იზოლაციაში იყო გადასული.
ლონდონში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაიზარდა. დეკემბრის დასაწყისში ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საავადმყოფოებში 1 100 კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო მოთავსებული. ამ დროისთვის კი მათი რიცხვი 4 000-ს აღწევს.